saCxeris municipaliteti  
  
 
 
 
 
 

qalaqi saCxere
ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ზესტაფონსა და სოფელ გომს, სარკინიგზო ხაზით უკავშირდება ზესტაფონს. ქალაქში ბაზირებულია საფეხბურთო კლუბი ჩიხურა.

geografia

მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან 170 კილომეტრი საავტომობილო გზით, 232 რკინიგზით, ქუთაისიდან 91 კილომეტრი.

საჩხერეში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,7 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4 °C, ივლისისა - 20 °C. აბსოლუტური მინიმუმი -28 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 37 °C. ნალექები 900 მმ წელიწადში.

istoria

ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლი ნაჩერქეზევი, რომელიც ადრინდელ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.

საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით საჩხერე მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს იყო გაშენებული. ის მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „ჭერათხევის“ ხეობით კვეთდა ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და თბილისს იმერეთის სამეფოსთან აკავშირებდა. საჩხერის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას ხაზი აქვს გასმული მეფე-პოეტ არჩილ II-ის ნაწარმოებში „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“, სადაც საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად. საჩხერე წერეთლების საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასისაგან ლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა, თეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო სწორედ საჩხერეში, წერეთლებთან დაჰყვეს.

1830-იან წლებში საჩხერე მცირე დაბას წარმოადგენდა, სადაც ქართველები და სომხები ცხოვრობდნენ. წერეთლების სახლები განლაგებული იყო დაბის ჩრდილოეთით მდებარე ბორცვზე. 1926 წლისთვის საჩხერის თემი შედგებოდა 15 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8103 ადამიანს, ხოლო ფართობი 142,9 კმ²-ს.

ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო კვების და მსუბუქი მრეწველობა. მოქმედებდა ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ბამბის სართავი ფაბრიკა, სხვადასხვა წვრილი საწარმოები.

istoriuli Zeglebi

საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. გადმოცემის თანახმად თავად პაპუნა წერეთელს მოუსურვებია დიდი ფეოდალის, დავით აბაშიძის ქალის შერთვა, მაგრამ აბაშიძეს უარით გამოუსტუმრებია, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდინახე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ გაითხარა 3 ნამოსახლარი, მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ნივთი, კოლხური და რომაული მონეტა.

საჩხერიდან 10 კილომეტრით დაშორებულია ეხვევი, X საუკუნის ერთნავიანი ეკლესია.

გარდა ამისა, ქალაქში დგას XIX საუკუნის რამდენიმე შენობა. მათ შორისაა ნასტამბარი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქუთაისის სტამბამ მუშაობა შეწყვიტა. თავადმა ზურაბ წერეთელმა და მისმა შვილმა, გრიგოლმა სტამბა საჩხერეში, თავიანთ სასახლეში გადაიტანეს.

აღსანიშნავია რკინიგზის სადგურის შენობა. 1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად აშენდა რკინიგზის სადგურიც. შენობა მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა 2000 წელს პირვანდელი სახით აღადგინეს. შემორჩენილია ასევე ელისაბედ წერეთლის სასახლეც.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 6140 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 7778    
2002 6660    
2014 6140 2931 3209

cnobili adamianebi

საჩხერეში დაიბადნენ:

 

 

foto galerea

რეგიონი იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი საჩხერის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°20`20″ ჩ. გ. 43°24`14″ ა. გ.
პირველი ხსენება
XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი
1964 წ
ცენტრის სიმაღლე 500-550  მ
მოსახლეობა 6 140 (2016)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 435
საფოსტო ინდექსი 4000
ოფიციალური საიტი http://sachkhere.gov.ge/

 

 

საჩხერის გერბი საჩხერის დროშა